მოვკლათ პრეზიდენტი!..
მოვკლათ პრეზიდენტი!..
26-03-2012
(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" ##8-12)
"ჩვენ ისევ ომში მივდივართ, ამჯერად თანამოძმეებთან საბრძოლველად და იმედი გვაქვს, ეს ბრძოლა უკანასკნელი იქნება იმ გაგებით, რომ  მეტი ომი აღარ მოგვიწევს ერთმანეთთან. საშინელი გრძნობაა, როცა მიდიხარ ქართველი ქართველის წინააღმდეგ, ძნელია, პირველმა ესროლო ქართველმა ქართველს. ძალიან ბევრი ნაცნობი თუ თანამებრძოლი, რომლებთან ერთადაც სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ვიბრძოდი, დღეს იმ ზღვარს იქით დგას, სადაც, ჩვენი გაგებით, მთავრდება ნორმალური აზროვნება და იწყება ფანატიზმი.
ხვალინდელი დღე, რაც უნდა მძიმე იყოს (ორივე მხარემ ვიცით, რომ ომი ომია), ალბათ ასე სჭირდება საქართველოს".
ჯარისკაცის ინტერვიუდან,
1993 წლის ნოემბერი

"ქართული არმია ზუგდიდში არ შესულა, ამის ერთ-ერთი მიზეზი, სხვათა შორის, ის იყო, რომ თუ იქ გავჩერდებოდით, ძალიან ძნელი გახდებოდა ჯარისკაცების გაკონტროლება - ჩემთან ყველა აფხაზეთში ბოლო წუთამდე ნაბრძოლი იყო. ბიჭები სოხუმის დაცემას იმ ადამიანებთან აკავშირებდნენ და  მათ მიმართ გარკვეული გაღიზიანებაც ჰქონდათ. ზოგი იმ შეურაცხყოფაზე ფიქრობდა, რომლის ობიექტიც სოხუმიდან გამოსვლისას გახდა".
დავით თევზაძე,
2012 წ., "პრესა.გე"

"განზრახული მაქვს, აქ ვიყო ბოლომდე და თუ საჭირო გახდება, აქ მოვკვდები და აქედან ფეხს არ მოვიცვლი..."
ზვიად გამსახურდია,
1993 წ., ოქტომბერი

1993 წლის 16 ნოემბერს ზუგდიდის რაიონში, სოფელ ახალკახათისა და  დარჩელის გზაგასაყარზე უცნობმა პირებმა მხედრიონელები დაატყვევეს. ინციდენტის დროს რამდენიმე მათგანი დაიჭრა კიდეც, ორი მხედრიონელი (ჯამარაული და აბუაშვილი) ცოცხლად დაწვეს, ხოლო დანარჩენებმა გაქცევა მოახერხეს. ისინი ზუგდიდში ჩამოვიდნენ და "მხედრიონის" შტაბში მყოფ მოძმეებს  მომხდარის შესახებ უამბეს.

"იმ დღეს ჩემს ბიძაშვილს მივაკითხე კომენდატურაში -  ჩვენ თბილისში ვბრუნდებოდით და მინდოდა, წასვლის წინ მენახა, საუბრისას ჩოჩქოლი შემოგვესმა, იყო ყვირილი, თითქოს ვიღაც ტიროდა კიდეც. ოთახიდან რომ გამოვედით, დავინახე  - ბიჭები იყვნენ. გაფითრებულები ჰყვებოდნენ - ჩვენები მანქანაში ცოცხლად ჩაწვესო. გვარებიც ახსენეს (ერთი, მგონი, ჯამარაული იყო).
ამის გაგონებაზე ჩემ წინ მდგომ მხედრიონელს მუხლები მოეკვეთა და თავში ხელები წაიშინა.
გაოგნებული ვიდექი. იმ სურათის წარმოდგენაც კი გამიჭირდა, როგორ წვავდნენ ქართველები ერთმანეთს ცოცხლად... არადა, ომი ხომ თითქმის დამთავრებული იყო...
მოულოდნელად ის ბიჭი, ჩამუხლული რომ იყო, წამოიწია და მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა, - წავედით!.. როდესაც მას შევხედე, მივხვდი, რომ შურისძიება უფრო საშინელი იქნებოდა.
ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, - სხვა დროს ვილაპარაკოთო. მივხვდი, რომ მეგობრების სიკვდილით გამწარებული მხედრიონელები მიზეზის კითხვას არ დაიწყებდნენ...
ვახტანგი,
სამოქალაქო ომის მონაწილე

"როდესაც ამბავი მოიტანეს, დარჩელში ორ მხედრიონელს ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად დაწვესო, გადავწყვიტე, კორესპონდენტებთან ერთად წავსულიყავი, მაგრამ იმ წუთში ვიდეოკამერა ვერ მოვიძიეთ, ამიტომ აღარ წავედი. თუმცა ჩემი წაუსვლელობის მიზეზი მარტო ეს არ იყო. იქ რომ მივსულიყავი და მენახა, როგორ იწვოდნენ ჩვენი ბიჭები, ალბათ ძალიან ცუდ საქციელს ჩავიდენდი".
დოდო გუგეშაშვილი

"ამ სოფელში ძარცვა-გლეჯა მიმდინარეობდა. ორი მანქანა დადიოდა და სახლებიდან ყველაფერი გაჰქონდათ, რასაც მოისურვებდნენ. ჩვენ ხელებს ვწევდით - სხვა რა გზა გვქონდა!
ჩემი სახლიდანაც წაიღეს, თუკი რამ გამაჩნდა. ბოლოს, როდესაც ჩემი ეზოდან მანქანაც გაიყვანეს, სოფელში ხალხი შეიკრიბა. მხოლოდ ერთი კითხვა გვქონდა, - 
რისთვის გვძარცვავდნენ?
ხომ გახსოვთ, ისედაც როგორი მდგომარეობა იყო, როგორ გვიჭირდა, დევნილებით იყო სავსე სოფელი, თითო მცხოვრებს რამდენიმე ლტოლვილი ოჯახი ჰყავდა შეფარებული.
ის ორი მანქანა ცოტა ხანში ისევ მობრუნდა. მათ ხალხი დახვდა. ჩაქოლეს და გაანადგურეს. ორი კაცი დაწვეს, ზოგი გაიქცა, თუმცა ერთი დაჭრილი ისევ ჩვენ გვყავდა.

ამის შემდეგ მოვიდა კიდევ ერთი მანქანა. შიგ ქალი იჯდა. გვითხრა, - ზუგდიდის კომენდანტის მოადგილე ვარო. აქ სასწაულ ამბავს დაატრიალებენ, ამიტომ მომეცით ეს დაჭრილი და  სადაც სჭიროა - მათთან, შტაბში, მივიყვანო. ხალხმა დაუჯერა; თუმცა, ვფიქრობ, რომ არც ის დაჭრილი და არც კომენდანტის მოადგილე გასაშვებები არ იყვნენ, ისინიც აქვე უნდა ჩაგვექოლა.
ხალხი შეცდა - დაჭრილი გაატანეს.

15 წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ სოფელში შეიარაღებულები შემოვიდნენ, კაცმა არ იცის, ვინ იყვნენ. ხალხმა რომ დაინახა, გაიქცა და მანდარინის ბაღებს შეაფარა თავი, ზოგი ტყეში გაიქცა.
მოსულებმა სროლა ატეხეს. ისროდნენ დამიზნებით. სახლებში რაც იყო დარჩენილი, ყველაფერი გაზიდეს, პირუტყვს იქვე კლავდნენ, უკანასკნელი ტომარა ფქვილი და შაქარი გამოჰქონდათ სახლებიდან და მერე წვავდნენ, იმ დღეს ჩვენს სოფელში 27 სახლი გადაწვეს..."
თვითმხილველის ნაამბობიდან

დარჩელის გადაწვა  უკანასკნელი მხედრიონული გაკვეთილი იყო  სამოქალაქო ომის ისტორიაში... მიუხედავად იმისა, რომ  დევნილი პრეზიდენტის შეიარაღებული ძალები დაშლილი და განადგურებული იყო, ხოლო მათი სარდალი, ლოთი ქობალია, გაქცეული (ერთი ვერსიით, მან ზვიად გამსახურდია აფხაზეთში, ილორში ყოფნის დროს მიატოვა და უკრაინაში წავიდა), შევარდნაძის ხელისუფლების საფრთხედ კვლავ რჩებოდა სამეგრელოში მყოფი ზვიად გამსახურდია, ამიტომ რევოლუციური ხელისუფლებისთვის პრობლემების ნებისმიერი გზით გადაჭრა მისაღები იყო.
დევნილმა პრეზიდენტმა კარგად იცოდა, რომ ფეხდაფეხ მისდევდნენ, ამიტომ ადგილს ხშირად იცვლიდა. 1993 წლის 20 ნოემბრამდე ის, შემორჩენილ თანამოაზრეებთან ერთად, წალენჯიხაში, ჩქვალერის ტყეს აფარებდა თავს...

დევნილი პრეზიდენტის ლიკვიდაციის გეგმას, ხელისუფლების პარალელურად, მისი ყოფილი მებრძოლებიც ადგენდნენ - 16-17 ნოემბერს სოფელ ოჩვინარაში გამსახურდიას 17 ყოფილი მებრძოლი შეიკრიბა და  დევნილი პრეზიდენტის მოკვლის გეგმა მოიწონა.
ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა ზუგდიდის ყოფილი კომენდანტი ბადრი ზარანდია და ზურაბ შონიაც ("პუშკინა". ის მოგვიანებით, 1998 წელს, გია მესხიამ, იმავე "კინგ-კონგმა", მოკლა გოჩა ესებუას დასაფლავებზე, ვითომდა ღალატის გამო), აგრეთვე, გენერალი გია გულუა, მისი ორი თანამშრომელი, ზვიად გამსახურდიას დაცვის ორი წევრი - ვაჟა ჭინჭარაული და ირაკლი გოგაძე.

"გამსახურდიას ლიკვიდაციის ორი სცენარი არსებობდა. პირველი იყო ე.წ. შვეულმფრენის. გენერალი გია გულუა მოიყვანდა შვეულმფრენს, რომელსაც პრეზიდენტი ვითომ ჩეჩნეთში უნდა გადაეყვანა, სინამდვილეში ის ჰაერში აფეთქდებოდა.
მეორე გეგმა ასეთი იყო: მუჟავაში თენგო ქარდავას, მეტსახელად "სმერტნიკის" ოჯახს, სადაც გამსახურდია იმყოფებოდა, თავს უნდა დასხმოდნენ.
ამ შეკრებაზე თავად გამსახურდიას მასპინძელიც იმყოფებოდა.
პრეზიდენტის დაცვის წევრებმა - ჭინჭარაულმა და გოგაძემ ამ ოპერაციაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. შემდეგ მათ ცხენები მისცეს და გაუშვეს; თუმცა ამბობენ, ორივენი გზაშივე ჩაცხრილესო, რადგან ეშინოდათ, პრეზიდენტისთვის ამბავი არ მიეტანათ. თენგო ქარდავამ  კი დროულად გააფრთხილა პრეზიდენტი მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ".
ჰამლეტ გულორდავა

შეთქმულები იმავე საღამოს მივიდნენ იმ სახლში, სადაც გამსახურდია ეგულებოდათ, მაგრამ ის იქ აღარ დახვდათ. უსინათლო მეზობელი, რომელმაც, მათი ფიქრით, იცოდა პრეზიდენტის სავარაუდო მარშრუტი, უმოწყალოდ სცემეს თავის მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად.
მომხდარის შესახებ ზვიად გამსახურდიამ ბადრი ზარანდიასგან შეიტყო, ის მის ბანაკში 1993 წლის 21 ნოემბერს ავიდა ბესარიონ გუგუშვილთან ერთად და ოთხი დღე იმყოფებოდა.
...ზუგდიდში დარჩენილი დაუმორჩილებლობის კომიტეტის წევრები კი კვლავ ომის გაგრძელებაზე ფიქრობდნენ, ამჯერად სამეგრელოს ავტონომიისთვის. ვალტერ შურღაია ამ მიზნით გამსახურდიასთან შეხვედრასაც ცდილობდა, თუმცა, როგორც ამბობენ, პრეზიდენტმა მისი მოსმენა არ ისურვა.
რაც შეეხება გამსახურდიას საველე მეთაურებს, ისინი იმ დროისთვის უკვე ახალი ხელისუფლების მხარეს იყვნენ გადასული და დევნილი პრეზიდენტის მხარდამჭერებს დაშლისა და იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდებდნენ (მაგალითად, სოსო ჟღენტი და აკაკი ელიავა ასეთ განცხადებებს პირდაპირ ტელევიზიით ავრცელებდნენ და მოსახლეობას არწმუნებდნენ, - ომის გაგრძელება უაზრობააო).
გამსახურდიას სამეგრელოში ყოფნა თანდათან საშიში ხდებოდა.

"მე პრეზიდენტს მუჟავაში ყოფნის დროს  ვრცლად ავუხსენი მის გარშემო შექმნილი მდგომარეობა და საქართველოდან გასვლა შევთავაზე. იგი დამთანხმდა. მერე, როდესაც ჩვენთან ჩემი ყოფილი მებრძოლები ამოვიდნენ, პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენეს ჩაბარებაზე. პრეზიდენტმა მათ ყურადღებით მოუსმინა და დათანხმდა, ჩაჰბარებოდა ზუგდიდის პოლიციის განყოფილებას; თუმცა, არსებობდა მეორე გზაც - დაეტოვებინა საქართველო. მან რობინზონ მარგველანის შეთავაზებაზე - წასულიყვნენ სვანეთში, უარი განაცხადა, ასევე უარი თქვა გადასულიყვნენ კახეთში. ერთადერთ დასაშვებ მარშრუტად ხევსურეთი მიიჩნია, სადაც გამოიზამთრებდა და გაზაფხულზე გროზნოში გადავიდოდა".
ბადრი ზარანდიას დღიურებიდან

დევნილი პრეზიდენტის გარშემო წრე ნელ-ნელა ვიწროვდებოდა, მისი გადაყვანა აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული: ზუგდიდში კბილებამდე შეიარაღEებული "მხედრიონი" იდგა, სენაკს ბალტინის ჯარები (შავი ზღვის ფლოტის ნაწილები) აკონტროლებდნენ, თეკლათის გადასახვევთან (ზუგდიდი-ფოთის გზაგასაყარი) ქუთაისის ბატალიონი იდგა დევი ჩაკვეტაძის მეთაურობით, ხობთან იმყოფებოდა გულრიფშის შინაგანი ჯარის ნაწილი შოთა კვარაცხელიას  ხელმძღვანელობით... ფაქტობრივად, სამეგრელოში ყველა გზა მოჭრილი იყო, აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა წარმოუდგენელი გახლდათ.
1993 წლის ნოემბრის ბოლოს წალენჯიხის სოფელ ლიაში ბადრი ზარანდია დააკავეს. მოგვიანებით მასთან ერთად მისი ოჯახის წევრები - მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი აღმოჩნდნენ...
როგორც თავად ზარანდია აცხადებდა, მას, თავისუფლების სანაცვლოდ, მხოლოდ ერთ რამეს სთხოვდნენ - მოეკლა პრეზიდენტი...

"ქალაქ ზუგდიდში პრეზიდენტის განადგურების საკითხს ხელმძღვანელობდა უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურის მოადგილე პოლკოვნიკი ბასიკაშვილი, რომელსაც ჩემი ყოფილი თანამებრძოლების დახმარებით რამდენჯერმე შევხვდი ზუგდიდში,”ტაქსების პარკის ტერიტორიაზე განლაგებულ შტაბში.
ბასიკაშვილის თქმით, გამსახურდიას მკვლელი აუცილებლად "ზვიადისტი" უნდა ყოფილიყო, ამასთან, მოკვლისთანავე, კვალის დასაფარავად, პრეზიდენტის ცხედარი კახეთის რეგიონში უნდა წაეღოთ.
მე მაძლევდნენ 1 მილიონ დოლარს, რომელიც, როგორც ამბობდნენ, გამსახურდიას თან ჰქონდა და მპირდებოდნენ საზღვარგარეთ გაყვანას. ჩემს შეკითხვაზე, ვისი ბრძანება იყო პირველი პრეზიდენტის მოკვლა, მხოლოდ ერთს მპასუხობდნენ, - ქვეყნის პირველი პირისო.
დიახ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მოკვლის ბრძანება მოქალაქე შევარდნაძისგან მოდიოდა. პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, მათი გაანგარიშებით, დეკემბრის პირველ ნახევარში უნდა დახოცილიყვნენ...

როდესაც ნახეს, რომ გამსახურდია ჩემთან კავშირზე აღარ გამოდიოდა, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადამიყვანეს.
ჩემმა ნათესავებმა როგორც კი გაიგეს ჩემი ოჯახის დაკავების ამბავი, დიდი ხმაური ატეხეს. ამის შემდეგ ჩვენ გაგვათავისუფლეს.
მე მაშინვე ზვიადის ძებნა დავიწყე, რომ გამეფრთხილებინა, თუმცა უკვე გვიანი იყო".  
ბადრი ზარანდიას დღიურებიდან

1993 წლის 22 დეკემბერს, ვახტანგ ზარანდიას დახმარებით, დევნილი პრეზიდენტი თავს ჯიხაშკარს აფარებს, მისი მასპინძელი ჯონსონ კვარაცხელიას ოჯახია.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის საიდუმლოებით მოცულ მკვლელობამდე სულ რამდენიმე დღე რჩება...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
მკითხველის კომენტარი (13)
marina
01 აპრილი 2012 20:04
ქართულია საზოგადოება არ ყოფილა ღისრსი დამოუკიდებლობის. მეხედრიონი, ქობალიას თუ შურღაიას დაჯგუფებები, თუმცა რაღა დაჯგუფებები... ქუჩა ქუჩას ებრძოდა და უბანი უბანს... ეჰ რისი ღირსიც ვყოფილვართ ის მივიღეთ.
an
29 მარტი 2012 16:51
'ეხლა ამ მხედრიონელებს რაც შეეხებათ რაც თბილისში მხედრიონელები ჟუჟეს იმდენი სად დაიღუპა ??? ჩამოთვლაც შეიძლება რაც მახსოვს იმათი'

ბაჭია,
ვინ ჟუჟა მხედრიონლები, მატზე უარესი ვინ იყო, ამას რას ამბობ და ტუ ამბობ ისე ტქვი გავიგოტ გეტაყვა
მე არ ვიცი ეს
an
29 მარტი 2012 16:48
და კიდევ გვიკვირს ეს დაუნდობელი მოღალატე ერი რომ ასე ვიტანჯებიტ?! რაც ქარტველები ერტმატეს უკეტებდნენ რაც ამ სტატიშია შაჰ აბასი და ჯალალედინი უშვრებოდა საქარტველოს! მრცხვენია ამ ერის წარმომადგენლი რომ ვარ, გულიტ! მიშაც კი ზედმეტია ჩვენტვის.

შევარდნაზე კი დრეს მემუარებს გვიწერს ბიჭი, ვავაა, მეტის ღირსი ვარტ, მიშაც ზედმეტია ჩვენტვის.
tvalsazrisi
28 მარტი 2012 16:10
მოკლული, ნაღალატევი ზვიადი ასგზის უფრო საქართველოს პრეზიდენტია, ვიდრე სხვა,-ცოცხლად დარჩენილი,-პრეზიდენტები!

მამა-ბუშმა ბრალდებად წაუყენა: მდინარის საწიონააღმდეგოდ მიცურავო! სამშობლოს თავისუფლება და სიძლიერის სურვილი "მდინარის საწინააღმდეგოოდ ცურვა" ყოფილა!
ახლა ხომ ყავთ მდინარის მიმართულებით მყვინთავ-მცურავ-თევზების დამჭერი ვარლამი?!
kpdpri
28 მარტი 2012 13:59
ახლა ისევ დასჭირდა მიშას მხედრიონელი ბანდიტები, გამოუშვა ციხიდან და ახალ, უფრო საზიზღარ მხედრიონს აყალიბებს!
tamaz
28 მარტი 2012 13:36
"საქართველოს პირველი პრეზიდენტის საიდუმლოებით მოცულ მკვლელობამდე სულ რამდენიმე დღე რჩება..."
საიდუმლოებით მოცული არა ფლავი. ალბათ მარსელები ჩამოფრინდნენ და იმათ მოკლეს ხო? ან იქნებ მანჯურიის აგენტების ნახელავია ეგ საქმე?
მომწყინდა ათასჯერ გადაღეჭილი ამბების კიდევ ერთხელ ჩამოფქვა, ახალი დაწერე რამე, საინტერესო.
anna
28 მარტი 2012 11:20
დაწყევლილი მხედრიონი!!!! როგორ ბედავთ ხმის ამოღებას! ღვთისმგმობელების ბანდა!!!!!!! არ დარჩებით დაუსჯელი.
klodeli
28 მარტი 2012 00:17
როგორ მეზიზღებით ბერბიჭაშვილებო,როგორ დააშავა ზვიადმა,მაშინვე რომ არ დაგხვრიტათ ყველა მოღალატე იოსელიანის და კიტოვანის მეთაურობით.მაშინ ხომ არც დაწყევლილი "მხედრიონი" შეიქმნებოდა.ეს, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ამაზრზენი ლაქა.ამ პირუტყვების გამოა დღეს აფხაზებთან ბოდიშების მოხდა რომ გვიწევს,ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ საქართველოში და იქ რაღას იზამდნენ უკეთესს.არ დაიწყოთ ახლა მათ პატრიოტობაზე ლაპარაკი.საკუთარი ძმის სისხლში ხელგასვრილ ფულის მონას სამშობლოს აღქმა არც აქვს.
ყველას მორალატის გვარს შემოინახავს ისტორია,მხედრიონელებიდან დაწყებული ზვიად გამსახურდიას განდგომილი თანამებრძოლებით დამთავრებული...
ჰმ მხედრიონი..ეს შაშურკინების დაჯგუფება
gio
27 მარტი 2012 18:49
თევზაძეს ლუსტრა შეარქვეს,იმიტომ რომ კლუბის ჭაღი ჩამოხსნა სახლში წასაღებად და აფხაზეთის ტრანსპორტის უშიშროების უფროსმა-პოლკოვნიკმა სახეში აფურთხა, ამ ცნობილ :ვოიაკს: და :კარატისტს:. მთელი ასეულია ამის მომსწრე

ბაჭია
27 მარტი 2012 17:19
იმ ე.წ. "ჯარისკაცს" (მაგის ჯარისკაცობა არ გაიშვას) სახელი გვარი არ აქვს ..ან ვინმე "ვახტანგს" ... იქნებ გრიშა არის , ან ოლიფანტე ...??? ეხლა ამ მხედრიონელებს რაც შეეხებათ რაც თბილისში მხედრიონელები ჟუჟეს იმდენი სად დაიღუპა ??? ჩამოთვლაც შეიძლება რაც მახსოვს იმათი
mesxi
27 მარტი 2012 16:08
ეს იყო კრიმინალური გადატრიალება რუსეთის მეშვეობით, კერძოდ თბილისში ოპერაციას ხელმძღვანელობდა ბეპაევი ხოლო დასავლეთ საქართველოში ბალტინი....რავ თქმა უნდა მასში მონაწილეობდნენ მოღალატე ქართველური გვარების მქონე პირები, შევარდნაძე სიგუა, კიტოვანი, იოსელიანი, მარგიანი და ასე სჰემდეგ.....არავითარი სამოქალაქო ომი ეს არ ყოფილა ! ეს იყო რუსული პუტჩი მოღალატე ქართველების მონაწილეობით !
n.k.
27 მარტი 2012 13:55
მხედრიონი საქართველოს შავი ფურცელი, შექმნა კაკებემ აფინანსებდა კრემლიდან ჯაბა იოსელიანს მგელაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის ჭინააღმდეგ, ვარანაირად ვერავი ვერ გაათეთრებს მხედრიონს, იგი ყველა ნამუსიანმა კაცმა დაგმო
arseni
27 მარტი 2012 12:24
თევზაძე ზუგდიდში შესვლა არ შესვლაზე რომ საუბრობს (ჯერ ერთი რომელ არმიას გულისხმობს? სად იყო მაშინ არმია) ...... მერედა მაგის მეთაურობით არ იყო რომ ე.წ. თბილისის მე-11 ბრიგადამ სასტიკად დაარბია მარტვილი, ნოქალაქევი, ძველი სენაკი, სენაკის რაიონის სოფლების 90% თავად სენაკი, მერე ჩხოროწყუ და წალენჯიხა .... რაც შეეხება დარჩელს იმ მხედრიონელ;ებმა იქ ჯერ პანაშვიდზე ძარცვეს ხალხი და მერე მოხდა მათი აფეთქება (არავისაც არ დაუტყვევვებია)
გააკეთე კომენტარი
 *   

ყურადღება!!!
უხამსი კომენტარები არ გამოქვეყნდება.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
სხვა სიახლეები
"ვინ უწამლავს გონებას ახალგზარდებს?!"

"ორგანიზაცია "ბორჩალო" საქართველოში ახალი კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს"
დაწვრილებით...
23 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო და 13 თვეს გასტანა, საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა 20 000-30 000 ეთნიკური ქართველი, ხოლო 250 000 დევნილად იქცა.

"აღმოვჩნდით მიამიტები, ვერ გავითვალისწინეთ, რომ ომისთვის, ბრძოლის გარდა, დამახასიათებელია მზაკვრობა, სიტყვის გატეხა, ხელშეკრულების დარღვევა... სამწუხაროდ, ამას ძალიან გვიან მივხვდით"...”
გია ყარყარაშვილი

დაწვრილებით...
"ამ მომენტისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა სამხრეთ ოსეთის მიმართულებით შეადგენდა 15.000 ჯარისკაცს, 5.000 შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს და 30.000 რეზერვისტს, კოდორის ხეობაში იდგა სრულად აღჭურვილი მე-5 ბრიგადის ძირითადი შემადგენლობა და შსს-ს 500-კაციანი ქვედანაყოფი".
გია ყარყარაშვილი
დაწვრილებით...
აგვისტოს ომის დაწყებიდან 7 წელი შესრულდა. ამ შვიდ წელიწადში ბევრი­ დაიწერა ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვ­ლენებზე, მაგრამ საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, რა ხდებოდა იმ პერიოდში რეგიონებში.
დაწვრილებით...
"მე ხომ მამა ვიყავი, რომელსაც, შესაძლოა, რამდენიმე წუთის მერე საკუთარი შვილი მკვდარი ენახა..."

"გზაში ყველა მოსახვევში რუსებს ვათვალიერებდით. ჩვენს 33-ე ბატალიონს კარალეთში დავეწიეთ. თბილისში მოვდიოდით და არ ვიცოდი, ჩემი შვილი ცოცხალი იყო თუ არა, არ ვიცოდი, მეუღლემ, რომელიც სოფელში დავტოვე, გამოსვლა მოასწრო თუ არა."

დაწვრილებით...
"საქართველომ 2008 წლის აგვისტოში წააგო ერთ-ერთი სამარცხვინო ომი (თუ ყველაზე სამარცხვინო არა) საკუთარ ისტორიაში. საქართველოს ისტორიაში ცნობილი არ არის არც ერთი შემთხვევა, ჩვენი არმია დამარცხებულიყო თავისზე 2-3-ჯერ ნაკლებ შემტევ მოწინააღმდეგესთან, მით უფრო, თუ მოწინააღმდეგეს არ ჰქონდა არავითარი თვისებრივი უპირატესობა სახმელეთო ტექნიკაში".
დაწვრილებით...
1994 წლის ზაფხულში ყანდაარში მოლა ომარი თავის სტუდენტებთან ერთად თავს დაესხა მოჯაჰედების რამდენიმე საველე მეთაურს, რომლებმაც ქალაქიდან გოგონები გაიტაცეს, სწორედ აქედან იწყება სტუდენტური მოძრაობა "თალიბანის" დაარსებაც. რომელსაც სათავეში ავღანეთ- საბჭოეთის ომის ვეტერანი, ყოფილი მოჯაჰედი მოლა მუჰამედ ომარი ჩაუდგა (მარჯვენა თვალი მან სწორედ რუსებთან ბრძოლაში დაკარგა) "მოწაფეებმა" მათი საქმიანობის მთავარ მიზნად ავღანეთში ისლამური ნორმების დაცვა და ქვეყანაში მშვიდობის დამყარება გამოაცხადეს.
დაწვრილებით...
ამ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების საქმეს სამართლებრივი კვალიფიკაცია შეეცვალა და განზრახ მკვლელობის მუხლით განახლდა. გთავაზოობთ სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდან, რომელიც ქტუალობას დღესაც არ კარგავს.
დაწვრილებით...
პანკისის ხეობაში ონლაინმოჯახედების რაოდენობა უკვე 30-ს აჭარბებს

ორიოდე დღის წინ სირიაში პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა
დაწვრილებით...
ქირავდება ნაძალადევის მეტროსთან ახლოს 80მ2
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
ქირავდება 2-ოთახიანი, 78 კვ.მ. მოდულის
სასწრაფოდ! ქირავდება 240 კვ.მ კომერციული